Accessibility links

ბრიტანეთი არ აპირებს ევროკავშირიდან გასასვლელად 100 მილიარდი ევროს გადახდას


ბრიტანეთის მინისტრი, რომელსაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე მუშაობა ევალება, დევიდ დევისი აცხადებს, რომ ლონდონი ევროკავშირს არ გადაუხდის 100 მილიარდ ევროს „ბრექსიტისათვის“. როგორც დევისმა ბრიტანეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირი თვითნებურად ვერ განსაზღვრავს თანხას და საბოლოოდ მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა, რამდენი უნდა გადაიხადოს ბრიტანეთმა. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში, ლაპარაკი იყო 60 მილიარდამდე ევროთი „ბრექსიტის“ ხარჯების სავარაუდო დაფარვაზე, მაგრამ გაზეთი „ფაინანშლ ტაიმსი“ 3 მაისის ნომერში იუწყება, რომ თანხა გაიზარდა ევროკავშირის დამატებითი მოთხოვნების შედეგად. დევიდ დევისის განმარტებით, ბრიტანეთი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მაგრამ არ აპირებს 100 მილიარდი ევროს გადახდას. ამასობაში, ევროკავშირის წარმომადგენელმა „ბრექსიტის“ შესახებ მოლაპარაკებებზე, მიშელ ბარნიემ უარყო მოსაზრება, რომ ბლოკის ფინანსური მოთხოვნები არის „სასჯელი“ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გამო. თუმცა, მანვე „ილუზია“ უწოდა წარმოდგენას, რომ „ბრექსიტი“ უფასო იქნება. ბარნიეს, რომელიც საფრანგეთის მთავრობის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ევროკომისარია, არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა, მაგრამ აღნიშნა, რომ მას გამოიანგარიშებენ გარკვეული „მეთოდოლოგიის“ გამოყენებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG