Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი და თურქეთი უბრუნდებიან "ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობას"


რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი იზიარებენ შეფასებას, რომ მათმა ქვეყნებმა დაძლიეს ორმხრივი ურთიერთობის მძიმე პერიოდი და უბრუნდებიან „ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობას“. ამის შესახებ პუტინმა გამოაცხადა ერდოანთან სოჭში 3 მაისს შეხვედრის შემდეგ. „გარკვეული დროის წინ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, სიმტკიცის გამოცდის ჩაბარება მოუხდა. ახლა დაბეჯითებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-თურქეთის კავშირებში აღდგენითი პერიოდი დასრულდა და ჩვენ ვუბრუნდებით ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთქმედებას”, - განაცხადა პუტინმა. ხოლო ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და პუტინი შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებაზე - გარდა აკრძალვისა, რომელიც რუსეთში თურქული პომიდორის იმპორტს ეხება. რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობა გამოიწვია 2015 წლის ინციდენტმა, როცა თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. 3 მაისს განსახილველ თემებს შორის იყო სირიის კონფლიქტიც. ორი ქვეყანა სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს ემხრობა. რუსეთი ირანთან ერთად არის სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი სამხედრო მოკავშირე მაშინ, როცა თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან.

XS
SM
MD
LG