Accessibility links

რუსეთი: სირიის უსაფრთხო ზონები ჩაკეტილი იქნება აშშ-ის ავიაციისათვის


რუსი დიპლომატის თანახმად, უსაფრთხოების ზონები, რომლებიც სირიაში იქმნება რუსეთის, თურქეთის და ირანის შეთანხმებით, ჩაკეტილი იქნება აშშ-ის და მისი მოკავშირეების ავიაციისთვის. რუსეთის მთავარმა წარმომადგენელმა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყაზახეთში, ალექსანდრ ლავრენტიევმა, ასტანაში, ხუთ მაისს განაცხადა ამის შესახებ. დოკუმენტი წინა დღით გაფორმდა. მისი თქმით, ამ ზონებში საერთოდ არაა გათვალისწინებული საავიაციო ოპერაციები, არც წინასწარი გაფრთხილებით და არც მათგარეშე. საკითხი დახურულია, თქვა რუსმა დიპლომატმა, რომელმაც აშშ-ის და კოალიციის ავიაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს შეკითხვას უპასუხა. რუსეთის და აშშ-ის თვითმფრინავების დამოუკიდებლად ქმედებამ სირიაში დაძაბულობა გამოიწვია. ლავრენტიევის თქმით, შეთანხმება ძალაში შევა 6 მაისს და სირიის მთავრობის თვითმფრინავები თავს აარიდებენ ზონას მიუხედავად იმისა, მოაწყობენ თუ არა თავდასხმებს მეამბოხეები. აშშ-ის რეაქცია ფრთხილი იყო: ის მხარს უჭერს „ყველა მცდელობას, რომელიც ძალადობის დეესკალაციას შეუწყობს ხელს სირიაში“. შეთანხმებას ფრთხილად მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, რომელმაც, თუმცა, თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მიწაზე შედეგები ვიხილოთო.

XS
SM
MD
LG