Accessibility links

თბილისი უპრეცედენტო მხარდაჭერად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს


საქართველოს ხელისუფლებამ „უპრეცედენტო მხარდაჭერად“ შეაფასა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც, გავრცელებულ ინფორმაციით, დაწესდება შეზღუდვა ნებისმიერი სახელმწიფოს დაფინანსებაზე, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ხელმოწერილი კანონით, აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან. ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდელო აქტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად. აშშ-ს პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი გუშინ მოაწერა. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG