Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში. 8 მაისს, თეთრ სახლში პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი ეწვია აშშ-ის სენატს და შეხვდა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯონ მაკკეინს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის მნიშვნელობას. სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს მხარში უდგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ მაკკეინმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. სენატორმა მაკკეინმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა სენატორებს რონ ჯონსონს, კრის მერფისა და ჯინ შაჰინსაც. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დადებითად შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებული ურთიერთობა. 9 მაისს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან.

XS
SM
MD
LG