Accessibility links

თბილისის ვაკის პარკში იმყოფებოდა რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ ორი წევრი


თბილისის ვაკის პარკში იმყოფებოდა რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ ორი წევრი. მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თბილისს ეწვივნენ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად. შეკითხვას, დაარღვიეს თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ, რუსმა ბაიკერებმა უპასუხეს, რომ ისინი საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ გამოატარა და კანონდარღვევის შემთხვევაში დააკავებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცეს რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებიც 9 მაისს თბილისში გეგმავდნენ მასშტაბურ პერფორმანსს. რაც შეეხება კლუბის 2-3 წევრს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს, რომ ამ პირებს არ ჰქონდათ „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა და საქართველოში სხვადასხვა დროს, ლეგალურად ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნებიდან ტურისტული და ტრანზიტული მიზნით შემოსულ ბაიკერებთან ერთად. შსს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მესაზღვრეთა მოქმედებების შედეგად, „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. სამინისტროს განცხადებითვე, ის არც მომავალში მიესალმება საქართველოში მსგავსი ჯგუფების ვიზიტს.

XS
SM
MD
LG