Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ჯერ კიდევ იანვარში შეატყობინა თეთრ სახლს მაიკლ ფლინთან დაკავშირებულ საფრთხეზე


აშშ-ის იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი, სალი იეიტსი, ამბობს, რომ წელს ჯერ კიდევ იანვარში შეატყობინა თეთრ სახლს საფრთხეზე, რომელიც უკავშირდებოდა პრეზიდენტის მაშინდელ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინს. ის შესაძლოა, შანტაჟის ობიექტი გამხდარიყო რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან კონტაქტის გამო. სალი იეიტსმა ამ საკითხზე ისაუბრა სენატის იურიდიულ საკითხთა ქვეკომიტეტში 8 მაისს გამართულ მოსმენაზე. ეს არის სენატორების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც იკვლევს ტრამპთან დაახლოებულ პირებსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის შესაძლო კონტაქტებს. ცალკე გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო. სენატში მოსმენებისას ყურადღების ცენტრში დგას ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინი, რომელიც თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან გაირკვა, რომ მთავრობის წევრებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან თავისი კონტაქტის შესახებ. სენატის იურიდიულ საკითხთა ქვეკომიტეტში გამოსვლისას, სალი იეიტსმა თქვა, რომ ფლინის გამო ორჯერ მიმართა თეთრი სახლის იურიდიულ კონსულტანტს: ერთხელ პირადი შეხვედრის დროს, მეორეჯერ კი ტელეფონით საუბრისას. სენატორების წინაშე გამოვიდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კლეპერიც. როგორც იეიტსმა, ისე კლეპერმა გამოთქვეს რწმენა, რომ რუსეთის ხელისუფლება ერეოდა აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში. მათვე უარი თქვეს იმის შეფასებაზე, თუ რამდენად მოახდინა ამ ჩარევამ გავლენა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე. სენატორები შეთანხმდნენ, რომ დახურულ რეჟიმში გააგრძელებენ ამ საკითხზე მოსმენებს.

XS
SM
MD
LG