Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პოსტიდან გაათავისუფლა FBI-ს ხელმძღვანელი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოულოდნელი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან დაითხოვა გამოძიების ფედერალური სააგენტოს, FBI-ს დირექტორი, ჯეიმს კომი - პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირების გამოძიებას. "პრეზიდენტმა მიიღო გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურორის მოადგილის რჩევა, გამოძიების ფედერალური სააგენტოს დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით", განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა ჟურნალისტებს. თეთრი სახლის განცხადებით, სააგენტოსთვის ახალი დირექტორის ძიება "დაუყოვნებლივ" დაიწყება. გაგზავნილ წერილში ტრამპმა კომის უთხრა, თქვენ არ გაქვთ სააგენტოს ეფექტიანი გაძღოლის უნარი და ახალი ხელმძღვანელობაა საჭიროო. "მართალია მე დიდად ვაფასებ თქვენს მიერ სამჯერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ გამოძიება ჩემზე არ მიმდინარეობს, მაინც ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს შეფასებას, რომ თქვენ ბიუროს ეფექტიანად ვერ ხელმძღვანელობთ" - ამბობს ტრამპი წერილში და დასძენს, აუცილებელია გამოვნახოთ ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც აღადგენს FBI-ის მიმართ საზოგადოების ნდობასო. FBI-ის დირექტორები ერთი, ათწლიანი ვადით ინიშნებიან. 56 წლის კომი, რომელიც სააგენტოში პოპულარობით სარგებლობს, ამ პოსტზე ოთხი წლის წინ დანიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG