Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში განახლდება სეპარატიზმში ბრალდებული ჟურნალისტის სასამართლო პროცესი


რუსეთთან უკანონოდ მიერთებულ ყირიმში დღეს განახლდება ადგილობრივი ჟურნალისტის, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომლის, სეპარატიზმში ბრალდებული მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი. სემენა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსეთს დაკავებული ჰყავს კიდევ რამდენიმე ყირიმელი, ვინც აკრიტიკებს 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას. 66 წლის სემენას საქმის განხილვა წელს 20 მარტს დაიწყო და უკვე სამჯერ გადაიდო. ბრალდება უკავშირდება სტატიას, რომელიც სემენამ 2015 წელს დაწერა ჩვენი რადიოს ვებსაიტის, „კრიმ.რეალიი“-სთვის. ყირიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის შეფასებით, სტატია შეიცავს მოწოდებას რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ. ჟურნალისტი კი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, რადგან ყირიმის სტატუსი, ზოგადად, სადავო საკითხად რჩება და მას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. აშშ, ევროკავშირი, ეუთო და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სემენას სამართლებრივი დევნის გამო. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა სემენას სასამართლო პროცესს უწოდა რუსეთისა და ყირიმში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი მმართველების ძალისხმევა, ხელი შეუშალონ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ მისიას, დამოუკიდებელი მედიის ნამუშევარი მიაწოდონ ყირიმის მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG