Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი „წუხილს გამოთქვამს“ ვაშინგტონის მხრიდან რესპუბლიკის ბლოკადისა და იზოლაციის გამო


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რესპუბლიკის უფრო მეტ ბლოკადასა და იზოლაციას“ უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს, რომლის თანახმად, აშშ-ის ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებენ. „აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა მხოლოდ ართულებს მხარეებს შორის დიალოგის მიღწევას და აბათილებს ჟენევას დისკუსიების მონაწილეებს შორის გადადგმულ ძალისხმევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 6 აპრილს ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით, წესდება შეზღუდვა ნებისმიერი სახელმწიფოს დაფინანსებაზე, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ხელმოწერილი კანონით, აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური დახმარება შეუწყდება ნაურუს, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ სახელმწიფოთაგან, რომელმაც სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ცნობილია, რომ აშშ-ი ფინანსურად მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციისა და იმ სხვა საეთაშორისო უწყებების მუშაობაში, რომლებიც დახმარებას უწევენ ნაურუს.

XS
SM
MD
LG