Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში განხორციელდა კიბერშეტევა საავადმყოფოების კომპიუტერულ სისტემაზე


12 მაისს ბრიტანეთში მოქმედ 16 სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო, ჯანდაცვის სახელმწიფო ცენტრები იძულებული გახდნენ, გაეუქმებინათ ან გადაემისამართებინათ სასწრაფო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გამოძახებები. ისინი პაციენტებს მოუწოდებდნენ, მიემართათ სხვა კლინიკებისთვის და არ დაკავშირებოდნენ ექიმებს. სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ჩანს ბრიტანეთის ჯანდაცვის მომსახურების ცენტრის კომპიუტერების ეკრანები, რომლებზეც მითითებულია მოთხოვნა ელექტრონული ვალუტით, ე.წ. „ბიტკოინებით“ 300 ამერიკული დოლარის გადახდის შესახებ. განცხადება ასევე იუწყებოდა, რომ კომპიუტერულ სისტემაში არსებული დოკუმენტები დაშიფრული იყო. ჯანდაცვის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის ცნობილია კიბერშეტევის შესახებ და ისინი საპასუხო ზომებს მიმართავენ. ბრიტანეთის სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ისინი იძიებენ შემთხვევებს, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიწვია ერთ-ერთმა კომპიუტერულმა ვირუსმა „ვანა დეკრიპტორმა“. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ბრიტანეთის საავადმყოფოებზე მოწყობილ კიბერშეტევასა და ესპანეთის რამდენიმე მსხვილი კომპანიის, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელეფონიკის“ წინააღმდეგ ასევე პარასკევს განხორციელებულ თავდასხმებს შორის.

XS
SM
MD
LG