Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 მაისს გლობალური კიბერშეტევა განხორციელდა


ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ იცის ვინ იდგა 12 მაისს მომხდარი გლობალური კიბერშეტევის უკან, რომელმაც შეაფერხა ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის სერვისები და კიდევ 100-ზე მეტ ქვეყანაში ამოიღო მიზანში კომპიუტერული სისტემები. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამბერ რადმა 13 მაისს განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასთან მუშაობს ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი, რათა შეტევა შეიზღუდოს. მინისტრის თქმით, მთავრობამ ჯერჯერობით არ იცის უცხო ქვეყნის მთავრობის დირექტივით თუ განხორციელდა ეს შეტევა. ვარაუდობენ, რომ საქმე გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევასთან ისტორიაში. შეტევამ მიზანში ამოიღო Microsoft Windows-ის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გარკვეული პერიოდის წინ გაჟონილ დოკუმენტებში. 12 მაისს საერთო ანგარიშით მოხდა 75,000-ზე მეტი შეტევა. კიბერდანაშაულის ექსპერტები ასევე იძიებენ შეტევათა კონცენტრაციას რუსეთში, უკრაინასა და ინდოეთში - ქვეყნებში, სადაც კვლავაც ფართოდ იყენებენ Microsoft Windows-ის მოძველებულ ვერსიებს. ჰაკერები ცდილობენ მსხვერპლს გაახსნევინონ სახიფათო დოკუმენტები, რომლებსაც მსხვერპლი ელექტრონული ფოსტით იღებს და რომლებიც იუწყებიან, რომ შეიცავენ ანგარიშებს, სამუშაოს შეთავაზებას, უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას და სხვა ერთი შეხედვით ლეგიტიმურ ფაილებს.

XS
SM
MD
LG