Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საპროცესო შეთანხმება შედგა ფულის გათეთრების საქმის გარშემო, რომელსაც მაგნიტსკიც იძიებდა


რუსეთის მფლობელობაში მყოფმა კომპანიების ჯგუფმა თანხმობა განაცხადა აშშ-ის მთავრობას 6 მილიონი დოლარი გადაუხადოს ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით - რომელიც უკვე წლებია აისახება აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაზე. ფედერალურმა პროკურორებმა ნიუ-იორკში 12 მაისს გვიან საღამოს გამოაცხადეს ამ საპროცესოშეთანხმების თაობაზე, რომელიც გაფორმდა რუს ბიზნესმენთან, დენის კაცივთან - Prevezon Holdings-ის მფლობელთან - სამი დღით ადრე, სანამ ამ საქმეზე სასამართლო უნდა დაწყებულიყო. შეთანხმების პირობებით, უმართებულო ქმედებები არ უღიარებია Prevezon Holdings-ში შემავალ არც ერთ კომპანიას. საპროცესო შეთანხმებით დაიხურა საქმე, რომლის გარშემოც აშშ-ის პროკურორები სამ წელიწადზე მეტია ცდილობდნენ ამ ჰოლდინგისგან 20 მილიონი დოლარის მოპოვებას უძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების ფორმით. პროკურორების განცხადებით, ეს ქონება დაგროვილ იქნა საბანკო გადარიცხვების სქემით, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება რუსეთის ისტორიაში გადასახადების გაყალბების უმსხვილეს საქმეს. ეს საქმე, რომელიც 230 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, მიზანში იღებდა Hermitage Capital-ის საინვესტიციო ფირმას და მაქინაციური სქემა პირველად სწორედ ამ ფირმის მიერ დაქირავებულმა აუდიტორმა, სერგეი მაგნიტსკიმ გამოააშკარავა. მას შემდეგ, რაც მაგნიტსკიმ გაასაჯაროა ცნობები, რომ სახელმწიფო მოხელეები სავარაუდოდ ჩართულნი იყვნენ 230 მილიონი დოლარის ოდენობის საგადასახადო მაქინაციებში, ის თავად დააპატიმრეს და კორუფციაში დასდეს ბრალი. სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, წინასწარ პატიმრობაში, ციხეში დაიღუპა - სულ რვა დღით ადრე იმ ვადამდე, როცა ის ან სასამართლოს წინაშე უნდა წარდგენილიყო და ან უნდა გაეთავისუფლებინათ.

XS
SM
MD
LG