Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში დაკრძალეს 9 მაისს დაღუპული მეშახტეები


ტყიბულში დაკრძალეს მეშახტეები, რომლებიც 9 მაისს დაიღუპნენ კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში, ნახშირის ამომღები მოწყობილობის ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს. ოთხი მეშახტე - ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი - 350-მდე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ტყიბულში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ჩვენ ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხები განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი”. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, საწარმოო ტრავმებისგან 2007-2016 წლებში 416 ადამიანი დაიღუპა, 716 - დაშავდა; 2016 წელს - დაიღუპა 58, დაშავდა 84; 2017 წლის პირველ ხუთ თვეში კი შრომის ადგილზე დაღუპულთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG