Accessibility links

ჩინეთის ლიდერი: აბრეშუმის გზა აფართოებს საფინანსო და უსაფრთხოების კავშირებს


ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, გამოვიდა მოწოდებით გაღრმავდეს თანამშრომლობა აზიასა და ევროპას შორის მრავალ სფეროში, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლასა და ფინანსურ კავშირებში - იმ ფონზე, როცა 29 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ რათა მხარი დაეჭირათ ჩინეთის სავაჭრო ინიციატივისთვის, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს პეკინის გლობალური გავლენა ვაჭრობასა და გეოპოლიტიკაზე. ორდღიანი სამიტი ემსახურება სი ძინპინის ინიციატივის - ერთი სარტყელი, ერთი გზა - რომელიც უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენას ისახავს მიზნად და პირველად 2013 წელს გამოცხადდა. სი ძინპინი აცხადებს, რომ 124 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ინიციატივაზე, რომლის მიზანია ჩინეთის დაკავშირება აფრიკასთან, აზიასთან და ევროპასთან, პორტების, რკინიგზის, გზების და ინდუსტრიული პარკების ქსელების მეშვეობით. შეხვედრაზე, რომლის მონაწილეთა შორის იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, სი ძინპინმა დასავლელ დიპლომატებს უთხრა, რომ ეს გეგმა არ ისახავს მიზნად ჩინეთის გლობალური გავლენის გაძლიერებას და ის თანამშრომლობის და საყოველთაო სარგებლის მიღების ახალ მოდელს ქმნის. სი ძინპინი გლობალიზაციის პროცესების მომხრეა, მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საერთაშორისო ვაჭრობასა და ურთიერთობებში მისი ლოზუნგია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

XS
SM
MD
LG