Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს აზერბაიჯანში რამდენიმე დამოუკიდებელი საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილებას


ევროკაშირის წარმომადგენელმა მაია კოჩიანჩიჩმა დაგმო აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ რამდენიმე დამოუკიდებელი საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილება, რომელთა შორის ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის საიტიც შედის. „აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოებების მოთხოვნილებებს, არსებობდეს თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედია“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის სპეციალური წარმომადგენლის, 14 მაისის განცხადებაში. გასულ კვირაში ბაქოს საბაილის სარაიონო სასამართლომ დააკმაყოფილა ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს განაცხადი, შეჩერდეს ამ საიტებზე წვდომა. გადაწყვეტილება რადიო თავისუფლების გარდა ეხება ოპოზიციურ გაზეთ აზადლიყს, „მეიდან ტი-ვის“ და ორ საინტერნეტო ტელესადგურს. სამინისტრომ ამ საიტებზე წვდომა უკვე მარტში შეზღუდა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა გამოძიება ჩაატარა სარაევოში დაფუძნებული ორგანიზაცია "დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტთან" ერთად. სამინისტროს ქმედებას რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ტომას კენტმა უწოდა "უტიფარი ცენზურის დაწესების მცდელობა, რაც მიმართულია დამოუკიდებელი პრესის დაშინებისკენ და რაც სხვა არაფერია, თუ არა უმთავრესი უფლებებისა და საერთაშორისო კონვენციების უპატივცემულობა". აზერბაიჯანი გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს საიტები საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის ეროვნულ უსაფრთხოებას. საიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება მოჰყვა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიერ საგამოძიებო რეპორტაჟის გამოქვეყნებას, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახისა და ახლობლების წრის ეკონომიკურ საქმიანობას.

XS
SM
MD
LG