Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილმა სააკაშვილი დაადანაშაულა გირგვლიანის საქმეზე


სასამართლომ 15 მაისს „გირგვლიანის საქმეზე“ დაკითხა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, ჩვენებაში ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ყოფილ პრეზიდენტს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა და მაღალჩინოსნების დასჯას ეწინააღმდეგებოდა. "სააკაშვილი ცდილობდა გარკვეული პერიოდი ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა, მაგრამ მერე უკვე ისიც იმ პოზიციაზე იყო, რომ ეს იყო შემთხვევითობა და ახალაიას და მერაბიშვილს ამაში ბრალი არ მიუძღვით. ამბობდა მერაბიშვილზე და სხვებზე, რომ ამ ტიპის ადამიანის დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევსო", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს ჰქონდა დაკავებულებისთვის მიცემული სიტყვა, რომ გათავისუფლდებოდნენ პატიმრობიდან და ამ ადამიანებს სააკაშვილის სიტყვის სჯეროდათ. სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში მოკლეს. ამ საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის ნოემბერში, ბრალდებულად ცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გამოძიების თანახმად, იკვეთება სისტემური დანაშაული, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურები „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ დანაშაულის დაფარვის მიზნით. მთავარი პროკურატურის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალები ასახავს აქცენტებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაში გვხვდება.

XS
SM
MD
LG