Accessibility links

ევროპარლამენტი უნგრეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს


ევროპარლამენტის განცხადებით, ის აპირებს საგანგებო ზომების მიღებას ევროკავშირის წევრის, უნგრეთისთვის, სანქციების დაწესების მიზნით, რაც ევროპარლამენტისავე თქმით, უკავშირდება უნგრეთში დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობისა და კანონმდებლობის „სერიოზულ გაუარესებას“. რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტარებმა დღეს უყარეს კენჭი, ევროპის საბჭოს მიმართ გამოთქმულია მოწოდება, აამოქმედოს ევროკავშირის ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც გულისხმობს წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ გაფრთხილებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმობს ხმის მიცემის უფლების შეჩერებას. ამგვარი პროცედურა არასდროს გატარებულა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ. „ევროკავშირისთვის უნგრეთი ერთგვარი გამოცდაა, რომლითაც მან უნდა დაამტკიცოს თავისი ძალა და მზადყოფნა, რეაგირება მოახდინოს თავისი წევრი ქვეყნის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევასა და მათთვის საფრთხის შექმნაზე“ - ვკითხულობთ ევროპარლამენტის განცხადებაში. რეზოლუცია გააკრიტიკა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ, რომელმაც დოკუმენტი „უნგრეთზე ჯორჯ სოროსის ქსელის მორიგ შეტევად“ მოიხსენია.

XS
SM
MD
LG