Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შეაჯამა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 8-10 მაისს შედგა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში უმაღლესი დონის შეხვედრებისას განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები. „მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის და სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს, რომელმაც პრემიერის თქმით, დიდი სამუშაო გასწია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც, რომელიც გასული კვირის ბოლოს გაფორმდა. „ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი შეფასებით, საქართველო თანდათან იბრუნებს გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ჰქონდა.

XS
SM
MD
LG