Accessibility links

მაკედონიის პრეზიდენტმა სოციალ-დემოკრატთა ლიდერს დაავალა მთავრობის ფორმირება


მაკედონიის პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა მთავრობის ფორმირებისაკენ მოუწოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს. მას შემდეგ, რაც დაიძლია წინააღმდეგობები, შესაბამისი მანდატით ქვეყნის პრეზიდენტმა 17 მაისს ოფიციალურად აღჭურვა ზორან ზაევი, რომელმაც პირობა დადო, რომ 20 დღეში შეარჩევს კოალიციურ პარტნიორს და დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს. „ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა დაიცავს ქვეყნის ერთიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მაკედონიის მულტიეთნიკურობას“, - განაცხადა ზაევმა. 2016 წლის 11 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, მაკედონიის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობით მოხვდა მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელსაც 51 ადგილი ხვდა წილად. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც 49 მანდატის მოპოვება შეძლო. დარჩენილი 20 ადგილი კი გაინაწილეს ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ნიკოლა გრუევსკის პარტიის დიდი ხნის მოკავშირე „დუიმ“, რომელსაც პარლამენტში 10 ადგილი ერგო. მაკედონიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სურდა კოალიციური შეთანხმების გაფორმება ეთნიკური ალბანელების ინტერესების წარმომადგენელი პოლიტიკური ძალებისათვის, თუმცა, ამ ნაბიჯს წინ აღუდგა ქვეყნის პრეზიდენტი, ჯორჯე ივანოვი, რომელიც ყოფილი მმართველი, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, უარს ამბობდა მთავრობის დაკომპლექტების მანდატის მიცემაზე ზაევისათვის, თუ კოალიციურ შეთანხმების პირობა ალბანურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის დაკანონება გახდებოდა.

XS
SM
MD
LG