Accessibility links

დონალდ ტრამპი იწყებს პირველ საერთაშორისო ტურნეს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში იწყებს პირველ საერთაშორისო ტურნეს - იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში ღრმავდება კრიზისი ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების გამოძიების გარშემო. ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში, ისრაელში, იტალიაში, ვატიკანში და ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტები გაამყარებს აშშ-ის ურთიერთობას მთავარ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ საგარეო ტურნეს ჩრდილს აყენებს ტრამპის გადაწყვეტილება სამსახურიდან გაეთავისუფლებინა გამოძიების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი, რომელიც ხელმძღვანელობდა სააგენტოს გამოძიებას რუსეთის ოფიციალურ პირებს და ტრამპის გარემოცვას შორის კავშირების შესახებ. შემდეგ ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპი თებერვალში შეეცადა კომიზე ზეწოლა განეხორციელებინა საიმისოდ, რომ მას შეეწყვიტა გამოძიება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის პირველი მრჩევლის გარშემო - რომელმაც, როგორც იუწყებიან, იცრუა რუსეთთან თავისი კავშირების თაობაზე. ამავე დროს, თეთრ სახლს სირთულე შეუქმნა ცნობებმა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს, ტრამპმა გაამხილა მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფოს შესახებ. როგორც იუწყებიან, ეს ცნობები სირიაში მოქმედი ისრაელის ჯაშუშთა ჯგუფის მიერ იყო მოპოვებული.

XS
SM
MD
LG