Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა ბრალდებულმა დეკანოზმა


თბილისის საქალაქო სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ. მისი პროტესტი მოჰყვა მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქმის განხილვა დახურული რეჟიმით წარიმართება. გიორგი მამალაძემ თავის ადვოკატებსაც მოუწოდა, არ დაესწრონ სასამართლოს სხდომებს. პროცესის დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა ბრალდების მხარემ. მან არგუმენტად დაასახელა საქმეში არსებული აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც შეიცავენ ბრალდებულის და სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მაისს დაიწყო დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა. მას პროკურატურა ადანაშაულებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ანგარების მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში. მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიაში გამგზავრების წინ. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG