Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დეპუტატები რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას ადანაშაულებენ არჩევნებში ჩარევაში


რუსეთში კრემლის მომხრე დეპუტატებმა რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის რუსულენოვანი სამსახურები დაადანაშაულეს "პროპაგანდის" გამოყენებაში საიმისოდ, რომ გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაბნეულობა დაეთესათ - რაც, დეპუტატების აზრით, წარმოადგენდა აშშ-ის მხრიდან გავლენის მოხდენის უფრო ფართო კამპანიის ნაწილს. ეს ბრალდებები გაისმა 19 მაისს, სახელმწიფო სათათბიროში ჩატარებული შეხვედრის დროს, რომელზეც განიხილავდნენ დეპუტატების მიერ ინიცირებულ ანგარიშს იმის თაობაზე, არიან თუ არა რუსეთის კანონებთან შესაბამისობაში როგორც ეს ორი სამსახური, ისე ტელეკომპანია CNN-ი. რუსი დეპუტატების ბრალდებები ირეკლავს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს რუსეთის სახელმწიფო სამაუწყებლო ქსელის, RT-ის მიმართ, აშშ-ში გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეუკვეთა "გავლენის კამპანია", რაც მოიცავდა კიბერშეტევებს და პროპაგანდას საიმისოდ, რომ ზიანი მიეყენებინა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიისთვის - რომელიც დონალდ ტრამპთან მეტოქეობაში დამარცხდა. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს. რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას ზედამხედველობას უწევს მაუწყებლობის მმართველთა საბჭო, აშშ-ის სააგენტო, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობის სამოქალაქო მაუწყებლობას. ამერიკის ხმა წარმოადგენს ფედერალურ უწყებას, რადიო თავისუფლება კი კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ის კონგრესის გრანტით ფინანსდება.

XS
SM
MD
LG