Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერმა ტყუილი უწოდა გენერალური აუდიტორის განცხადებას


თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტყუილი უწოდა გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებას, რომ მერიაში ვერ მიაკვლიეს გარკვეულ დოკუმენტაციას, რომელიც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემას. „ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, არის შემმოწმებლებისთვის ღია, ამიტომ ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ. რაც შეეხება გენერალური აუდიტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფარცხალაძის კომპანიას გადაეცა სამჯერ მეტი ფართობი, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა, ნარმანიამ განმარტა, თბილისის მერია დაეყრდნო საექსპერტო შეფასებას. ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ განიხილება რამდენიმე, მათ შორის ეს ვერსიაც. საქართველოს გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ამ თანამდებობაზე მუშაობის ხუთწლიანი ვადა 2017 წლის ივლისში ეწურება.

XS
SM
MD
LG