Accessibility links

„გარდაუვალი“ თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით ბრიტანეთის პოლიცია განაგრძობს ეჭვმიტანილების ძებნას


23 მაისის საღამოს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მანჩესტერში მომხდარი აფეთქების მომწყობის, თვითმკვლელი მოიერიშის თანამზრახველების ძებნის ოპერაციაში არმიაც მიიღებს მონაწილეობას, მათივე განცხადებით, „გარდაუვალი“ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. მანჩესტერის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში 22 მაისის საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა - 22 და დაიჭრა - 59 ადამიანი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, შესაძლებელია აფეთქებესთან კავშირი ჰქონდეს უფრო ფართო ჯგუფს, რომლის სამიზნედ უმეტესად იქცნენ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, არიანა გრანდეს კონცერტზე მისული ახალგაზრდები. კონცერტის დასრულების შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო, ხელისუფლებამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები და განაცხადა რომ ის საფრთხე „კრიტიკულ“ ზღვარს მიუახლოვდა: „შეიარაღებულ პოლიციელებს, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობის ადგილების დაცვისთვის არიან პასუხისმგებლები, ჩაანაცვლებენ შეიარაღებული ძალები, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედროების რაოდენობა პატრულირების დროს. ასევე შესაძლებელია სამხედრო პირები განთავსდნენ გარკვეულ ღონისძიებებზე, როგორიცაა კონცერტები და სპორტული მატჩები“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. მანჩესტერის პოლიციის უფროსის, იან ჰოპკინსის განცხადებით, მანჩესტერში მომხდარი აფეთქების მომწყობია 22 წლის სალმან აბედი, რომელიც თავდასხმისას დაიღუპა. ტერეზა მეის ინფორმაციით, წარმოშობით ლიბიელი აბედი ბრიტანეთში დაიბადა და გაიზარდა. პოლიციას გაძლიერებული ჰქონდა ზომები მანჩესტერის ორ მთავარ ადგილზე, რომელთაგან ერთ-ერთზე მოხერხდა ბომბის გაუვნებელყოფა. ერთ-ერთ ადგილას დაკავეს 23 წლის მამაკაციც. მანჩესტერში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG