Accessibility links

ტრამპმა ნატოს მიმართა ხარჯების, ტერორიზმის, იმიგრაციის, რუსეთის თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდა უფრო მეტი გააკეთონ ტერორიზმთან საბრძოლველად და იმიგრაციისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხის საკითხებს დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ. "მომავლის ნატომ მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა დასვას ტერორიზმზე და იმიგრაციაზე, ისევე, როგორც რუსეთიდან და ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებიდან მომდინარე საფრთხეებზე" - განუცხადა ტრამპმა ალიანსის სხვა ქვეყნების ლიდერებს ნატოს შტაბ-ბინაში, 25 მაისს. ტრამპმა, რომელმაც ნატოს წარსულში "მოძველებული" უწოდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა - რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა სრული შენატანი უნდა განახორციელონ, თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდის გზით. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მანამდე განაცხადა, ალიანსის წევრები შეთანხმდებიან ნატოს მონაწილეობაზე საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ექსტრემისტულ ჯგუფს, ისლამურ სახელმწიფოს ებრძვისო. ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ინდივიდუალურად უკვე მონაწილეობს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ, 68-წევრიან გლობალურ კოალიციაში, რომელიც მიზნად ისახავს "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებას - მაგრამ როგორც ერთიანი ორგანიზაცია, ნატო ჯერჯერობით კოალიციაში არ ჩართულა, მიუხედავად ზეწოლისა აშშ-ის მხრიდან.

XS
SM
MD
LG