Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ სიცილიაზე იმართება „დიდი შვიდეულის“ სამიტი


იტალიის კუნძულ სიცილიაზე შეიკრიბნენ „დიდი შვიდეულის“ წევრი განვითარებული სახელმწიფოების ლიდერები. საკურორტო ქალაქ ტაორმინაში დაგეგმილი ორდღიანი სამიტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მოიხსენია, როგორც ბოლო წლების ყველაზე რთული სამიტი, რომელიც გამოწვევების წინაშე აყენებს მის მონაწილეებს: „საიდუმლო არ არის, რომ ლიდერებს, რომლებიც დღეს ხვდებიან ერთმანეთს, ხანდახან ერთი აზრი არ აქვთ ისეთ საკითხებზე,როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ვაჭრობა“ - აღნიშნა დონალ ტუსკმა და ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის საქმეში. ევროკომიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა კი გლობალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ჩვენ გვსურს ვაშენოთ ხიდები და არა კედლები. თუმცა, მოგვიწერთ გავუგოთ სხვებსაც, ევროპაში და სხვაგან, ვინც ვერ ხედავს, თუ როგორ მუშაობს მათთვის გლობალიზაცია. მე ვგულისხმობ ევროპელთა 45 პროცენტს, რომელიც თვლის, რომ გლობალიზაცია საფრთხეა და არა შესაძლებლობა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს შესაძლებლობაა, თუ მას სწორად მივუდგებით. სამართლიანობას უნდა ემყარებოდეს ყველაფერი, რასაც "დიდი შვიდეული" და ჩვენი პარტნიორები აკეთებენ", განაცხადა იუნკერმა. სიცილიაში მიმდინარე ამ სამიტში მონაწილეობით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასრულებს თავის პირველ ცხრადღიან უცხოურ ტურნეს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებში. მას მოუწევს პასუხების გაცემა ვაჭრობასა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებზე. სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერები ასევე ისაუბრებენ უსაფრთხოების საქმეში თანამშრომლობის საკითხზე, რასაც წინ უსწრებდა მანჩესტერში 22 მაისს მომხდარი აფეთქება, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG