Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონმა რუსეთის მედია „პროპაგანდის“ გავრცელებაში დაადანაშაულა


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის სახელმწიფო მედია დაადანაშაულა „ყალბი ამბების“ გავრცელებასა და მის საწინააღმდეგო „პროპაგანდაში“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაკრონმა ეს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ვერსალში მოლაპარაკების შემდეგ. მაკრონმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის წინააღმდეგ მიმართული „გავლენისა და პროპაგანდის ორგანოებად“ მოიხსენია რუსეთის მედიასაშუალებები "ერ-ტე" და „სპუტნიკი“. ეს შეფასება მან გამოთქვა 29 მაისს ვერსალის სასახლეში პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. მაკრონმა აღნიშნა ასევე, რომ პუტინთან არაერთ საკითხზე ჰქონდა უთანხმოება და გულახდილად ისაუბრა ამ საკითხებზე. „პრეზიდენტ პუტინს შევახსენე იმ რამდენიმე საკითხისადმი დამოკიდებულება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი საზოგადოებრივი აზრისათვის. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა განმეორებით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია საფრანგეთისათვის ყველა ადამიანის, ყველა უმცირესობის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის ყველა საყურადღებო საკითხის პატივისცემა. ვახსენეთ ჩეჩნეთში ლგბტ თემის საკითხი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში. ამ საკითხებთან მიმართებით, ძალიან კონკრეტულად გავაცანი საფრანგეთის მოლოდინი პრეზიდენტ პუტინს“, განაცხადა მაკრონმა. თავის მხრივ, პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ხელს ვერ შეუწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციას. მაკრონი და პუტინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებში ამ თვეში მაკრონის გამარჯვების შემდეგ. უთანხმოების გამომწვევ საკითხებს მიეკუთვნება ვითარება სირიაშიც, სადაც რუსეთი აქტიურ დახმარებას უწევს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. მაკრონის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთასაც „დაუყოვნებლივ" მოჰყვებოდა რეაქცია საფრანგეთისაგან. მაკრონისა და პუტინის შეხვედრის ფონია რუსეთის მეფე პეტრე დიდისადმი მიძღვნილი გამოფენა ვერსალის სასახლეში.

XS
SM
MD
LG