Accessibility links

თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი


თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, იგი არ ეხმიანება სატელეფონო ზარებს. მუსტაფაევამ უკვე მიმართა საქართველოს პოლიციას. ჟურნალისტის ახლობლები შიშობენ, რომ მუხტარლი შესაძლოა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა. მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. 2015 წლიდან იგი იძულებულია თბილისში იცხოვროს. როგორც აზერბაიჯანული საინტერნეტო არხი Meydan TV იტყობინება, ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა „იატაკქვეშეთი“. მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუხტარლი. Meydan TV-ს ცნობით, ჯეირანოვი და ბაირამლი ამ დღეებში დააკავეს - ერთი საქართველოს სამართალდამცველებმა, მეორე კი აზერბაიჯანისამ. როგორც მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა სამშაბათს, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული, ვინაიდან მუხტარლი იკვლევდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს საქართველოში. ამავე დროს ლეილა მუსტაფაევამ მომხდარისთვის საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ის თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს.

XS
SM
MD
LG