Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა სოლიდარობის აქცია აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად


თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა სოლიდარობის აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა თავზე სიმბოლურად ჩამოიცვეს პოლიეთილენის პარკები, ნიშნად იმისა, რომ თბილისში აფგან მუხთარლის დაკავება და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მისი გადაყვანა, უკანონოდ მოხდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, დროულად გამოავლინოს და დასაჯოს კანონის და წესების დამრღვევი პირები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში და გამოძიება ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს. „შუაგულ თბილისში ადამიანი გაიტაცეს და ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობით მოხდა ეს, თუ მონაწილეობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახური, ან რომელიმე კრიმინალური ჯგუფი“ - აღნიშნა სულხან სალაძემ. მისივე თქმით, არცერთ შემთხვევას გამართლება არ აქვს და არცერთი შემთხვევა არ არის შემამსუბუქებელი ქართული სახელმწიფოსთვის. სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლი თბილისში ცხოვრობდა იმიტომ, რომ აზერბაიჯანში იდევნებოდა თავისი პროფესიული საქმიანობის გამო და ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდა. „ჩვენ ვხედავთ რეალურად იგივე მოვლენას საქართველოში, სადაც ადამიანს იტაცებენ“ - განაცხადა სულხან სალაძემ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება, დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქმრის პასპორტი, რომელიც მას თბილისში დარჩა, იმის დასადასტურებლად, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში თავისი ნებით არ გამგზავრებულა. ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. ის ოჯახთან ერთად თბილისში 2015 წელს დასახლდა.

XS
SM
MD
LG