Accessibility links

რუსეთში სასამართლომ დააკმაყოფილა ნავალნის წინააღმდეგ მილიარდერ ალიშერ უსმანოვის სარჩელი


მოსკოვში სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი მილიარდერის, ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის სარჩელი და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის დაავალა, ინტერნეტიდან მოხსნას ფილმი, რომელშიც უსმანოვს კორუფციაში ადანაშაულებენ. უსმანოვმა ნავალნის ცილისწამების ბრალდებით უჩივლა. მოსკოვის ლიუბლინსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე მარინა ვასინამ საკითხის ორდღიანი განხილვის შემდეგ დაავალა ნავალნის, ინტერნეტში წაშალოს ყველა მასალა, რომელშიც უსმანოვია მოხსენიებული და გამოაქვეყნოს ფილმში გამოთქმული ბრალდებების უარყოფა. ნავალნიმ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ფილმის წაშლას. უსმანოვმა აპრილში უჩივლა ნავალნის მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საუბარია პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ფართომასშტაბიან კორუფციულ მაქინაციებზე. ერთ-ერთი ბრალდებით, უსმანოვმა მედვედევის ერთ-ერთ ფონდს აჩუქა 50 მილიონ დოლარად ღირებული აგარაკი მოსკოვის გარეუბანში. უსმანოვი ბრალდებას უარყოფს. ნავალნის ვიდეოს "Он вам не Димон" ინტერნეტში 21,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

XS
SM
MD
LG