Accessibility links

მერკელი: კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა „ძალიან გულდასაწყვეტია“


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, „ძალიან გულდასაწყვეტია“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ გაიყვანოს პარიზის ხელშეკრულებიდან, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება. ბერლინში პარლამენტის წინაშე მოკლე განცხადებით გამოსვლისას მერკელმა თქვა, რომ მისი ქვეყანა კვლავაც უერთგულებს ამ 2015 წლის ხელშეკრულებას და მას უწოდა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის „ქვაკუთხედი“. „აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გავიდეს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან ძალიან გულდასაწყვეტია - და ამ შეფასებისას მე ძალიან თავშეკავებული ვარ“ - განაცხადა მერკელმა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. მერკელის თქმით, უკან დასახევი გზა არ არსებობს იმ მიზნიდან, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1997 წლის კიოტოს პროტოკოლით და შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის „ისტორიული მნიშვნელობის“ პარიზის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა „ვერ და არ შეგვაჩერებს ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ ვალდებული ვართ დავიცვათ პლანეტაო“, თქვა მერკელმა. ტრამპის კამათის საგნად ქცეული ამ გადაწყვეტილებით აშშ დაემატა ორად ორ ქვეყანას, სირიას და ნიკარაგუას, რომელიც არ მიერთებია პარიზის შეთანხმებას. პარიზის ხელშეკრულება ითვალისწინებს ზომების მიღებას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შესამცირებლად, რაც კლიმატური ცვლილებების შეზღუდვას ემსახურება. ტრამპი ხელშეკრულებიდან გასვლის პირობას დებდა საარჩევნო კამპანიის დროს და აცხადებდა, რომ შეთანხმება ვნებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს და ამცირებს სამუშაო ადგილებს. ტრამპს მოკავშირე და სხვა ქვეყნების ლიდერები თხოვდნენ დარჩენილიყო ხელშეკრულების ფარგლებში - რომელსაც 194 სხვა ქვეყანა აწერს ხელს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG