Accessibility links

FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი 8 ივნისს მისცემს საჯარო ჩვენებას


გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი 8 ივნისს მისცემს საჯარო ჩვენებას კონგრესის წევრებისგან შემდგარი კომისიის წინაშე, რომელიც იძიებს ინფორმაციას რუსეთის ჩარევაზე გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ცნობას ავრცელებს სენატის სადაზვერვო კომიტეტი. 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში კომიტეტი ამბობს, რომ 8 ივნისს კომი ჯერ საჯარო ჩვენებას მისცემს და შემდეგ დახურულ კარს მიღმა შეხვდება სენატორებს. კომი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან. მას შემდეგ აშშ-ის მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სანამ პოსტიდან გაათავისუფლებდა, ტრამპი შესაძლოა ზეწოლას ახორციელებდა კომიზე საიმისოდ, რომ FBI-ს შეეწყვიტა გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე. სენატის კომისია რამდენიმე გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მოქმედებებზე. ცალკე აწარმოებენ გამოძიებას წარმომადგენელთა პალატა და იუსტიციის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG