Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ძალადობას ქაბულში, ანტისამთავრობო აქციაზე


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა კონფრონტაციას პოლიციას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დემონსტრაციაზე, რომელიც პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა, ორ დღეში მას შემდეგ, რაც ქაბულში სისხლიანი აფეთქება მოხდა. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ჰაერში გაისროლა და ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა საიმისოდ, რომ დემონსტრანტებისთვის არ მიეცა საშუალება პრეზიდენტის სასახლესთან მისულიყვნენ. არის ცნობები, რომ პოლიციამ ესროლა დემონსტრანტებს, რომლებიც შენობასთან მიახლოებას ცდილობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოკლულია ოთხი და დაშავებულია რვა ადამიანი. ავღანეთის სენატის ხელმძღვანელის პირველმა მოედგილემ, მოჰამად ალამ იზადიარიმ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ აქციაზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა მისი ვაჟი, სალემ იზადიარი. 31 მაისს მომხდარი აფეთქება, რომელსაც სულ მცირე 90 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი და ქალი შეეწირა და 460-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირი, დაიჭრა, დედაქალაქში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა 2001 წელს თალიბანი განდევნეს ხელისუფლებიდან. თავდასხმამ გააღრმავა კითხვები რამდენად შეუძლია ავღანეთის ამჟამინდელ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას დაიცვას მოქალაქეები გასამხედროებული დაჯგუფებებისგან - მათ შორის თალიბანისგან და ისლამური სახელმწიფოსგან.

XS
SM
MD
LG