Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აშშ-ს ბრალს სდებს საერთაშორისო წესრიგის "დესტაბილიზაციაში"


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მწვავედ გააკრიტიკა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა - მას უწოდა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა, რომელმაც დესტაბილიზაცია მოუტანა ახლო აღმოსავლეთს და მთელ საერთაშორისო წესრიგს. პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა სანკტ-პეტერბურგში გამართული ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის კითხვა-პასუხის სესიაზე, რომლის მოდერატორიც ამერიკელი ჟურნალისტი მეგან კელი იყო. პუტინმა განაცხადა, რომ აშშ "უკვე წლებია უხეშად და სისტემატურად ერევა რუსეთის საქმეებში" და, ამასთან, უკრაინაში ხელს უწყობდა პუტინის თქმით ანტისამთავრობო გადატრიალებას. ამ უკანასკნელით პუტინს მხედველობაში ჰქონდა უკრაინაში 2014 წელს გამართული პროევროპული გამოსვლები, რომელთა შედეგად დაემხო რუსეთის მომხრე პრეზიდენტის მთავრობა. ამასთან, პუტინმა განაცხადა, ნატო მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტიაო და დასძინა, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს ნატოს მცდელობებს მისი "სამხედრო ინფრასტრუქტურა" რუსეთის საზღვრებამდე განავრცოს. პუტინმა უარყო რუსეთის მხრიდან უმართებულო ქმედებები, მისი ელჩის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრებს შორის კონტაქტებთან მიმართებით. პუტინის თქმით, თავად მან არაფერი იცოდა რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკსა და ტრამპის გუნდის წევრებს შორის საუბრების შესახებ, თუმცა ხალხთან შეხვედრა და კავშირების გაუმჯობესება ელჩის მოვალეობაა. პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო აშშ-ში გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკაში 2016 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG