Accessibility links

პენტაგონი „პირდაპირსა და რეალურს“ უწოდებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეს


ვაშინგტონი როგორც მისი, ისე პარტნიორების წინააღმდეგ მიმართულ „პირდაპირ და რეალურ საფრთხედ“ აფასებს ჩრდილოეთ კორეის გამალებულ მცდელობას, შექმნას ბირთვული ქობინის გადამტანი სარაკეტო შეიარაღება. ამის შესახებ 3 ივნისს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა, სინგაპურში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მატისმა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს უწოდა „მწვავე სამხედრო საფრთხე“ და განაცხადა, რომ აშშ-ს „სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად შეაკავოს ეს საფრთხე“. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, მატისის თქმით, სიმხნევე შემატა ჩინეთის ხელახალმა დაპირებამ, რომ ვაშინგტონთან და სხვა ქვეყნებთან ერთად შეეცდება, ააღებინოს ხელი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნის ჩანაფიქრზე. ამასთან აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა ჩინეთი იმის გამო, რომ პეკინი არ სცემს პატივს საერთაშორისო ვალდებულებებს და კვლავ განგრძობს სადაო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე, ხელოვნური კუნძულების „აშკარა მილიტარიზებას“.

XS
SM
MD
LG