Accessibility links

ევროკავშირი მოითხოვს მუხთარლის საქმის სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა საგარეო სამსახურის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამცველების გატაცება და თვითნებურად უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანში მათი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს.“ ევროკავშირის საგარეო სამსახური აღნიშნავს, რომ მიესალმება ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. „აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ საქმეს, სადაც პატიმრობა უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მოელის, რომ დაცული იქნება კანონის მოთხოვნები და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში კანონიერად მცხოვრები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ნათლად აცხადებს, რომ ,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას“ - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო სამსახური აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს.

XS
SM
MD
LG