Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი იწყებს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას


საქართველოს პარლამენტი იწყებს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტის ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, დოკუმეტზე მსჯელობა იწყება საპარლამენტო ფორმატით. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამ კვირის განმავლობაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პლენარულ სხდომებზე განხილვის დაწყება 12 ივნისიდან სურდათ, თუმცა, ვენეციის კომისიამ სხდომა 16 ივნისს დანიშნა, ამიტომ გადაწყვიტეს დაელოდონ კომისიის საბოლოო დასკვნას. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისთვის საჭირო გახდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისიდან, მანამდე კი კვლავ ჩატარდება საკომიტეტი მოსმენები. ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები საკონსტიტუციო კანონპროექტის დღევანდელ ვარიანტში, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ დოკუმენტი გადაისინჯება. „შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ორი მოსმენით განხილვა და მიღება ივნისის ბოლოს დასრულდება.

XS
SM
MD
LG