Accessibility links

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე. „პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ერთსულოვნად მიღებულია გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესები და ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიწის საკითხის მიმართ აქვთ განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი იყო ისიც, რომ ეკონომიკურ ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში მიწის გასხვისების წვლილი მცირეა.

XS
SM
MD
LG