Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში რამდენიმე ასეული პროფესიონალი ქართველი სამხედრო იბრძვის. მათგან 12-13 ქართველი ოფიცერი უკვე დაიღუპა. „ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი, ამიტომ ეს ჩემი პირადი ტრაგედია და ტრამვაა“, განაცხადა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა 7 ივნისს ვენაში, რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიურ სამსახურთან ინტერვიუში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეეხო ჩეჩნების როლსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში და განაცხადა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა ძალიან ფასეული აღმოჩნდა აღმოსავლეთ უკრაინაში. „პუტინმა უკრაინაში შეაგზავნა კადიროვის მომხრე დაქირავებული მებრძოლები და ის, რომ უკრაინას ჩეჩნები იცავენ, ეს კარგად წარმოაჩენს თავად ჩეჩნებს. რუსეთის იმპერიის ბედი წყდება უკრაინაში. მათ შორის წყდება ჩეჩენი ხალხის და საქართველოს ბედი. და ჩეჩენი მამაკაცები და ქალები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომობენ, ისინი ჩეჩნეთის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ეს ჩემში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით კავკასიას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და მალევე შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ძალების რუხი (გაერთიანება)“, რომელიც სასტიკად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და კლანური მმართველობის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG