Accessibility links

კობა ნაყოფია უარყოფს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავებას


საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ კობა ნაყოფიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ტელეკომპანია”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს. ნაყოფიას თქმით, მსგავსი შეთავაზება არ მიუღია, შეთავაზების შემთხვევაში კი უარს იტყოდა. ”ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის” - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს კობა ნაყოფიამ. 8 ივნისს, ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ეს ცნობა სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, თუმცა, ოფიციალური განცხადება გვარამიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ გავრცელებულა. „რუსთავი 2“-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის გუნდი დღეს შეხვდება არხის დამფუძნებლებს და საუბარი იქნება მიმდინარე პროცესებსა და არსებულ მდგომარეობაზე. „რუსთავი 2“-ის ოფისში დაგეგმილი შეხვედრის დრო მითითებული არ არის.

XS
SM
MD
LG