Accessibility links

იუნკერი: ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს თავდაცვაზე


ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით, შეერთებული შტატები აღარ არის დაინტერესებული ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს თავის წევრებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. იუნკერმა ეს შეფასება გამოთქვა დღეს პრაღაში თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. „ჩვენს გარშემო მსოფლიო იცვლება. შეერთებულმა შტატებმა ძირეულად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა - ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. განვლილი ათწლეულის განმავლობაში სავსებით ნათელი გახდა, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მეტისმეტად მძიმედ მიიჩნევენ ტვირთს, რომელსაც თავიანთი მდიდარი ევროპელი მოკავშირეებისათვის ეზიდებიან“, - განაცხადა იუნკერმა. მისი აზრით, ევროპას სხვა არჩევანი არა აქვს გარდა იმისა, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, კლიმატური ცვლილებების და სავაჭრო ხელშეკრულებების სფეროებში. იუნკერის ეს შეფასებები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გამოთქმულ კრიტიკას ნატოს ზოგი ევროპელი წევრის მიმართ - არასაკმარისი სამხედრო ხარჯების გაღების გამო, აგრეთვე ტრამპის გადაწყვეტილებას, შეერთებული შტატები გაიყვანოს გლობალურ კლიმატზე პარიზში 2015 წელს მიღწეული ხელშეკრულებიდან.

XS
SM
MD
LG