Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიცია აკავებს ანტიკორუფციული აქციების მონაწილეებს


რუსეთში პოლიცია აკავებს ოპოზიციონერი აქტივისტის, ალექსეი ნავალნის ინიციატივით დაწყებული ანტიკორუფციული აქციების მონაწილეებს. ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, სამართალდამცველები არბევენ არამარტო არასანქცირებულ გამოსვლებს, არამედ აქციებს, რომელთა გამართვაც ნებადართულია. მაგალითად, ქალაქ ნორილსკში, სადაც ნავალნის მომხრეებს აქციის ჩატარების ნებართვა მიღებული აქვთ, 10-მდე ადამიანი დააკავეს. შეკრების დარბევაში ადგილობრივი კაზაკები მონაწილეობდნენ. სანქტ-პეტერბურგში დააკავეს საკრებულოს დეპუტატი დანიილ კენი, როცა ის არასანქცირებულ ანტიკორუფციულ მიტინგზე დასასწრებად მიდიოდა. დაკავების შესახებ ის „ტვიტერში“ წერს. მოსკოვში პოლიცია გამოვიდა გაფრთხილებით, ნუ გამართავენ დემონსტრაციას ქალაქის ცენტრალურ, ტვერის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ მხარდამჭერებს მოუწოდა, შეიკრიბონ სწორედ ტვერის ქუჩაზე და არა ცენტრისაგან მოშორებით, სადაც მოსკოვის ხელმძღვანელობისაგან ნებართვა აქვთ მიღებული. ნავალნი, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის კრიტიკით, ცდილობს ისარგებლოს საპროტესტო განწყობის გაძლიერებით და მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიუხედავად იმისა, რომ ნათელი არ არის მისცემს თუ არა კრემლი თავად ნავალნის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG