Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს „ბირჟა მაფია“-ს ავტორების აღკვეთის ზომის საკითხზე


თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფია“-ს ავტორების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ზომის შეცვლის საკითხზე. სასამართლო სხდომები 14 და 15 საათზეა დანიშნული. მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციელებმა გასულ კვირაში დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 11 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თანახმაა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს შედარებით მსუბუქი ღონისძიებით, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ და წარსულში ნასამართლევი არ არიან. გარდა ამისა, პროკურატურამ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გამოკითხვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გაყალბების შესაძლო ფაქტებზე. მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან და სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს კლიპისთვის, სადაც პოლიციაა გაშარჟებული. 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს პატიმრობიდან გაათავისუფლოს „ბირჟა მაფია“-ს წევრები.

XS
SM
MD
LG