Accessibility links

სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი


მიხეილ მგალობლიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი ავტორი, მიხეილ მგალობლიშვილი. დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა 50 ათასი ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, რომელსაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩაუდო, რის შემდეგაც პოლიციელებმა დააკავეს. მიხეილ მგალობლიშვილის შეფასებით, მისი დაკავება უკავშირდება „ბირჟა მაფიის“ კლიპს, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც განიხილება პროექტის კიდევ ერთი ავტორის, გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ზომის შეცვლის საკითხი. მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციელებმა გასულ კვირაში დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 11 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თანახმაა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს მსუბუქი ღონისძიებით, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ და წარსულში ნასამართლევი არ არიან. გარდა ამისა, პროკურატურამ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გამოკითხვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გაყალბების შესაძლო ფაქტებზე. 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს პატიმრობიდან გაათავისუფლოს „ბირჟა მაფიის“ წევრები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG