Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა "ბირჟა მაფიის" ორი ავტორი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფიის“ ავტორები, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია. ქებურიას 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს, ხოლო მიხეილ მგალობლიშვილი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული სხდომათა დარბაზიდან. როგორც იუწყებიან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩაუდო, რის შემდეგაც პოლიციელებმა დააკავეს. მიხეილ მგალობლიშვილის შეფასებით, მისი დაკავება უკავშირდება „ბირჟა მაფიის“ კლიპს, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციელებმა გასულ კვირაში დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 11 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თანახმაა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს მსუბუქი ღონისძიებით, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ და წარსულში ნასამართლევი არ არიან. გარდა ამისა, პროკურატურამ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გამოკითხვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გაყალბების შესაძლო ფაქტებზე. 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს „ბირჟა მაფიის“ წევრების გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG