Accessibility links

საქართველოში აღნიშნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს


14 ივნისს საქართველოში აღნიშნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს. სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებისა, სახელმწიფო კვლავ ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ომბუდსმენის შეფასებითვე, მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი მომსახურებითა და პროგრამებით და გარემოს, ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემების სათავეს წარმოადგენს სოციალური მოდელის დანერგვის პროცესის შეფერხება და საჭირო სტატისტიკის არ არსებობა. უჩა ნანუაშვილის განცხადებითვე, ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში. ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მეტი ძალისხმევა მიმართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხელი შუწყოს მათ დამოუკიდებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადეკვატურ ჩართულობას.

XS
SM
MD
LG