Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა მოსკოვში ათასობით სახლის დანგრევის გეგმა


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ბოლო, მესამე მოსმენითაც დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსკოვში ათასობით სახლის დანგრევას და მობინადრეთა განსახლებას. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 399-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ორი, ერთმა თავი შეიკავა. ამავე დროს, მოსკოვის ცენტრში, სათათბიროს შენობასთან დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი, რომელიც აპროტესტებდა მოსკოვში სახლების დანგრევის გეგმას. დაკავებულებს შორის არის ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგეი მიტროხინი. საპროტესტო აქციების მიუხედავად მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატაც დაამტკიცებს და მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი პუტინი. კანონპროექტით გათვალისწინებულია 1950-იან და 60-იან წლებში აშენებული 4500-მდე სახლის, უმეტესწილად "ხრუშჩოვკების", დანგრევა და მათ ნაცვლად მაღალსართულიანი შენობების აშენება. ბევრი მობინადრე და მათი მხარდამჭერი აქტივისტები პროტესტს გამოთქვამენ საკუთრების უფლების დარღვევის გამო და ფიქრობენ, რომ ახალი პროექტი ემსახურება ადგილის გათავისუფლებას გავლენიანი პირებისათვის ფინანსურად მომგებიანი სამშენებლო კონტრაქტების გასაფორმებლად.

XS
SM
MD
LG