Accessibility links

ევროპარლამენტში გაიმართა დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომელიც შეეხება აფგან მუხთარლის საქმეს


სტრასბურგში, ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართა დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომელიც შეეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობას. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცებას და აზერბაიჯანში მის დაკავებას, რასაც აფასებს ადამიანის უფლებების და კანონის დარღვევის სერიოზულ აქტად. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ოპერატიული, დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვი აფგან მუხთარლის გატაცებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ევროპარლამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, აფგან მუხთარლი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და მოუხსნას ყველა ბრალდება. რეზოლუციის პროექტის უდიდესი ნაწილი ეთმობა აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მდგომარეობას და მათი დევნის ფაქტებს. ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილმა ითხოვა, რომ კენჭისყრა გადაიდოს აზერბაიჯანში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტს დასრულებამდე, თუმცა, დოკუმენტს კენჭი დღევანდელ სხდომაზე ეყრება. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და კონტრაბანდის ბრალდებებით. ბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლის შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG