Accessibility links

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით


ევროპარლამენტის მიერ 15 ივნისს მიღებული რეზოლუცია მტკიცედ გმობს თბილისში აფგან მუხთარლის გატაცებას და მის შემდგომ თვითნებურ დაკავებას ბაქოში. აღნიშნულს ევროპარლამენტარები განიხილავენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევად და გმობენ კანონდარღვევას. რეზოლუცია მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და კონტრაბანდის ბრალდებებით. ბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლის შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მესამე ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და რომლებიც თავიანთ ქვეყნებში შესაძლო მკაცრი სასამართლო შედეგების წინაშე დგანან უფლებადაცვითი ან პოლიტიკური საქმიანობის გამო. ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოუხსნას ყველა ბრალდება და გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი, ასევე ყველა ის, ვინც დაპატიმრებულია ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის გამო.

XS
SM
MD
LG